მარტოხელა დედობის შიში

რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა?
ზოგისთვის, “ქმარგაშორებული” ქალი, რომელსაც შვილი/შვილები ჰყავს, მარტოხელა დედაა.
ზოგისთვის, მარტოხელა დედობა “გამოყენებულ” და მერე “მიტოვებულ” გოგოობას ნიშნავს.
სამართლებრივად, მარტოხელა დედა, არის პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე ჰყავს 18წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი, ბავშვის მამის შესახებ.
ხშირად მიფიქრია ამ მდგომარეობაზე, უფრო თავიდან, სანამ შენებური წარმოდგენა გექმნება,იმაზე, თუ რას ნიშნავს რეალურად, იყო მარტოხელა დედა.
ჩემთვის, პირადად, თავიდან, ეს შიშია.
სიტყვები, რომლებიც ერთი შეხედვით მარტოობასთან ასოცირდება, ალბათ, წარმოუდგენელია რაიმე პოზიტიურთან აკავშირებდე. ჰოდა, ასე მეშინოდა ამ სიტყვებისაც კი. იცით რას ჰგავდა? ბავშვობაში , შუქმჩამქვრალ ოთახში გასვლას რომ ვერ ვბედავდი, რომ მეგონა გუდიანი დამხვდებოდა, მაგრამ მაინც თამამად, აუღელვებლად რომ შევდიოდი. შუქის ანთებამდე, გონებაში ათასჯერ რომ ვიმეორებდი , არაფერიათქო, აი, მაგას. პირველად, ზუსტად ამ პრინციპით ვთქვი, რომ მე მარტოხელა დედა ვარ.
მე მარტოხელა დედა ვარ, ანუ, ან “ქმარგაშორებული” ქალი ან “გამოყენებული” და მერე “მიტოვებული” გოგო, ან მესამე.
პირველად , ამ სიტყვების თქმა მომიწია, როცა მკითხეს , “უი, შვილი გყავს? რა მაგარია, რამდენი წლის გათხოვდი?” თავიდან საშინლად უსიამოვნო,უხერხული და არაკომფორტული კითხვაა, პასუხის გაცემა რომ გერიდება თითქოს, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე. და ჰო, შემდეგი რეაქციებიდან გამომდინარეც.
ეს , უფრო ხშირად, დიდი თაობის ხალხთან, ნწ ნწ, თავს რომ გადააქნევენ და სიბრალულით გეტყვიან ერთი-ორ “გამამხნევებელ” სიტყვას. “აი, ჩემი მეზობლის დის შვილი, ეგრე მიატოვეს, მარა მერე ისეთ ბედში ჩავარდა..”
“არაუშავს შვილო, შენ ისეთი კარგი გოგო ხარ არავინ დაგტოვებს ასე”.
რომ არ დაგიმალოთ, ვითომ გამხნევებენ, მაგრამ, რეალურად, თავს “გაუსაღებელ” ნივთად გაგრძნობინებენ, რომელიც წლები შეიძლება იდოს მაღაზიაში და ბოლოს მყიდველიც გამოუჩნდეს, ოღონდ ისეთი მყიდველი, ძაან რო უჭირს და სხვა გზა არ აქვს, თორემ არც ეგ რო არ იყიდდა. ჰოდა, დაახლოებით მიხვდებით რატო იყო ამ სიტყვების თქმა თავიდან შიში. რთულია ამ მიდგომის ფონზე იყო თავდაჯერებული, გიყვარდეს და გეიმედებოდეს საკუთარი თავი.
ნუ, მერე რა თქმა უნდა, ეს სირთულე, წარსულს ბარდება, ამგვარ დამოკიდებულებასაც იუმორით უდგები, ღიმილით ისმენ, პირობითად, ვინმე “ირინას” და “ლამზირას” ისტორიებს, როგორ არ გასწირათ ცხოვრებამ და ვინმე “შალვამ” წაიყვანათ. ზოგი იმდენად სევდიანი ისტორიაა, გული შეიძლება აგიჩუყდეს და თვალზე ცრემლიც მოგადგეს. :დ
რაც შეეხება მარტოხელა დედობის ჩემებურ განმარტებას, ამას უფრო მეტად მაშინ მივხვდი, როცა მარტო დავრჩი.
დავუბრუნდები სწავლას და უნივერსტეტს ჰოდა მინდა ცოტა სხვა თემაც “ჩავაკვეტო” :დ
თავიდან ლექციაზე რომ ვიჯექი, მეგონა, ძალიან ცუდი დედა ვიყავი და ჩემი მთელი დრო კატოსთან უნდა გამეტარებინა. ვნერვიულობდი იმაზე, რომ ვერ დავინახე როგორ ჭამა პირველად კოვზით საჭმელი, რა რეაქცია ჰქონდა, როცა შოკოლადი გასინჯა და ა.შ.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ დედებს რაღაც ჩარჩოებში გვაქცევენ, დედა რომ ხარ, რაღაც აღარ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ შვილი გყავს. გიჭირს ამ “ჩარჩოებიდან” გამოსვლა და ცხოვრობ მათ მიერ წარმოდგენილი დედის ცხოვრებით,რომელიც რეალურად, არ არის შენი. თითქოს საკუთარ თავს , სურვილებს, ოცნებებს კარგავ. თუ ასე გააგრძეებ, საბოლოო ჯამში, ხალხისთვის “კარგი დედა” ხარ, შვილსაც ძალიან უყვარხარ, მაგრამ ბედნიერი არ ხარ. შვილებს კი არ აბედნიერებთ მსხვერპლშეწირული და მათთვის თავგადადებული დედები.
შვილებს, ბედნიერი დედები აბედნიერებთ! ჰოდა, დროებით გადავინახე ეს სენტიმენტები, ლექციიდან გამოქცევაც აღარ მინდოდა, მეგობრებსაც ვუთმობდი დროს და რაც მთავარია , საკუთარ თავსაც.
სწავლას რაც შეეხება, პირველი ორი კურსი ბებია მეხმარებოდა და ის რომ არა ვერც კი ვივლიდი უნივერსიტეტში, მერე რაღაც მიზეზების გამო ვეღარ შეძლო დახმარება და ზუსტად ამ მარტოობაზე ვსაუბრობდი წეღან. ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი, რომ მარტო ვიყავი,
გამიმართლა რომ კატო უკვე ბაღში შემეძლო მეტარებინა, მაგრამ ჩემი ლექციები უნდა მომესწრო 5საათამდე, იმიტომ რომ ბაღიდან გამოყვანა შემძლებოდა. შევიცვალე უნივერსიტეტი და ცხრილიც ისე შევიდგინე, რომ ყველაფერი მომესწრო, სანამ კატო ბაღში იყო. თავიდან რაღაც ქაოსი იყო, არ ვიცოდი ჯერ სახლი დამელაგებინა, მესწავლა,კატოსთან მეთამაშა, შემდეგი დღისთვის გავმზადებულიყავი, თუ უბრალოდ დავწოლილიყავი და დამესვენა. ნუ, ეს ახლაც არ ვიცი ხოლმე 🙂
მაგრამ, შევეგუე რეჟიმს და შეძლებისდაგვარად , ვახერხებ ყველაფერს.
ანუ, დილით, მიუხედავად მაღვიძარას განწირული ხმისა , მაინც 10ის ნახევარზე მეღვიძება და სახლიდან თავქუდმოგლეჯილები გარბივართ. (ბაღს არაუშავს,ლექციაზე ვაგვიანებ )
ბაღიდან გამოვდივარ და სტუდნტურ ცხოვრებაზე ვერთვები. ყოველთვის მავიწყდება პამპერსის ყიდვა და კატო ყველაზე ბოლოს გამომყავს ბაღიდან. მაგრამ ამ ფაქტით სულაც არაა უკმაყოფილო, იცის, რომ ვსწავლობ და პირველად მაგას მეკითხება, დიდი ქულა მიიღეო?:) მერე თვითონ მიყვება ბაღის ამბებს და ასე.. ძირითადად ჩვენი ყოველდღიურობა ესაა.
ჩემებურად მარტოხელა დედობა რა არისთქო და
აი, ჭექა-ქუხილი როა და იცი, შენი ხელები მას უნდა მიაფარო ყურებზე და არა შენს თავს, როგორც ამას მანამდე აკეთებდი. სულ რომ აღარ გეშინია მაგ ხმის და საერთოდ არაფრის, წარმოუდგენლად რომ აღარაფერი მიგაჩნია და დარწმუნებული ხარ მარტოც მთებს გადადგავ თქვენი ბედნიერებისთვის.
როცა გრძნობ , რომ კატოსაც სჯერა შენი დაარასდროს მოგცემს დანებების უფლებას, აი ეს არის მარტოხელა დედობა და არ არსებობს ჩემთვის სხვა განმარტება 🙂

კი ან არა.

ყველას გვაქვს ცხოვრებაში რაღაც მომენტები, ძალიან რომ ვეცადოთ, სხვას აბსოლიტური სიზუსტით რომ ვერ გავუზიარებთ..ნამდვილად არის ამაში რაღაც, უცნაურად მიმზიდველი. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება იყოს სამყაროში მხოლოდ ჩვენი, რასაც ვერავინ წაგვართმევს და სულ რომ შეძლოს, იმდენად ჩვენია, მაინც ვერ გამოიყენებს. მგონია, რომ ბევრი ასეთი მომენტის დაჭერა უნდა შევძლოთ.. ჩვენი მომენტების, ბედნიერებისგან რომ აგვატირებს, გვაცინებს, ბევრს გვაოცნებებს და ბოლოს, ამ ოცნებებსაც აგვასრულებინებს.              
ბევრი რამ მოხდა 9 თვის განმავლობაში, კარგიც, ცუდიც, ძალიან კარგიც და საშინელიც.       
10 მარტს, დედა გავხდი.. 
კატოს ტირილი რომ მოვისმინე, პირველად ის გავიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი ცუდი, უკან დარჩა და რეალურად, ასეც იყო…
არ ვიცი მანამდე რაში ვხედავდი ბედნიერებას და არც ის მახსოვს როგორ ვცხოვრობდი, კატოსთან ერთად ახალი “მე” გაჩნდა და მასთან ერთად, ახალი ცხოვრება დაიწყო.
რა თქმა უნდა, უფრო მეტი სირთულით, ნელნელა უფრო იაზრებ რამხელა პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე, ამას ყველა ეტაპზე უფრო მეტად ხვდები. ზოგადად, რაღაცის დაწყება ბევრად მარტივი ყოფილა, გზაში ხშირად ჩერდები და ფიქრობ, შეგიძლია? მერე ბრძოლა მიდის, “კი” ან “არას” გამარჯვებისთვის. თუმცა, საოცარია, რომ ყოველთვის “კი” იმარჯვებს, მაშინაც კი, როცა “არა”, ბევრად დამაჯერებელია.
რთული იყო პირველ რიგში გადართვა “დედურ” ცხოვრებაზე, ფაქტობრივად ყველაფერს ცვლი, შენ უკვე მარტო აღარ ხარ და შენს უკან შენი შვილი დგას. აღარაფერს აკეთებ მხოლოდ შენთვის, შენს ფიქრებში და ოცნებებშიც კატოსთან ერთად ხარ.
მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, იმ რაიონში, სადაც არ ვიცოდი რა დამხვდებოდა.
პატარა გეგმები უკვე დასახული მქონდა, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან რეპეტიტორებთან სიარულს ფიზიკურად ვერ შევძლებდი და ვერც მოვასწრებდი, (ეროვნულებამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი) სკოლაც 1 წლის დამთავრებული მქონდა და თუ რამე ვიცოდი, ყველაფერი დავიწყებული მქონდა, მაგრამ მეთქი ცდა ბედის მონახევრეა :)) ვფიქრობდი, თუ ვერ ჩავაბარებ, მოვემზადები და შემდეგ წელს ვცდითქო. რაიონში ჩასვლა და ხალხში “გამოჩენა” ყველაზე ემოციური იყო.. გინდა, არ გინდა, იცი, ყველა შენზე საუბრობს,თანაც არც ისე კარგად.. სხვისი ცხოვრების განხილვა, საზოგადოების სენია, მოგეხსენებათ..
იყო დადებითი რეაქციებიც, უარყოფითიც. მაგალითად დადებითი ის იყო, რომ მანამდე ჩემთვის უცხო ადამიანებს გავუჩერებივარ ქუჩაში და უთქვამთ, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. უარყოფითი ძირითადად ის იყო, ჭორიკნების დაჯგუფება რომ ზის და შენი დანახვისას მოურიდებლად რომ იწყებენ შენზე საუბარს, თან რო გესმის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რო არ ერიდებათ.
ეს დიდათ არ განმიცდია, ველოდებოდი კიდეც მსგავსს, თანაც, მაშინაც ზუსტად ვიცოდი, რომ  ნაბიჭვრები ისინი იყვნენ ვინც მე და კატოს ეგრე გვიყურებდა და არა ჩემი შვილი 🙂
უარყოფითი ისიც იყო, რამდენიმე მანამდე ჩემთვის ნაცნობი და თან კარგად ნაცნობი ადამიანი რო აღარც მესალმებოდა და დღემდე ასეა. თუმცა, ამ შეგნების ადამიანების მიმართ, ერთადერთი რასაც ვგრძნობ, სიბრალულია.. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ მე ყველაზე ამაყი და ბედნიერი დედა ვარ, ვერასდროს მიხვდებიან რა მემართება კატოს ყოველი დანახვისას
,რა მემართება, როცა მიყურებს და მიცინის, როცა ვგრძნობ, რომ სამყაროში ყველაზე მეტად ვუყვარვარ და რამხელა ძალაა არსებობისთვის. არც ის იციან ამ ბედნიერების უკან რამხელა ბრძოლა იყო ყველაფერთან, ამიტომ ისინი ვერასდროს გაიგებენ ჩემსას.
დაე, გვიყურონ და ილაპარაკონ 🙂
ჰო, მამის თემას მინდა შევეხო ცოტა მოკლედ, თორე ისე ვწერ, თითქოს, ჰაერზეა ეს ყველაფერი :დ პრინციპში, არ ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა, კატო დიდი სიყვარულის ნაწილია (ჩემი მხრიდან, ყოველშემთხვევაში) რა თქმა უნდა მიყვარდა.  მას კი კატოსთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, ეს მისი არჩევანია და კატომაც იცის, რომ მამა არ ჰყავს,ასე ვზრდი, რაც არ უნდა რთული იყოს, ეს ასეა. მეც მამის გარეშე გავიზარდე და გამოცდილება ასე თუ ისე მაქვს, ამიტომ ვცდილობ ეს ამბავი მისთვის ნაკლებად სტრესული იყოს. ამ ამბებზე, მოგვიანებით დავწერ.
ახლა, ეროვნულების ჯერია, მოკლედ, ჩაჭრა არ იყო პრობლემა, არ ვემზადებოდი და ძაან ლოგიკური იქნებოდა.. თუმცა, ყველაზე მეტად იმ ადამიანებისთვის იმედების გამართლება მინდოდა, ვისაც ჩემი სჯეროდა, ვინც ახლაც კითხულობს ამ ყველაფერს და ამაყობს ჩემით, ვის გარეშეც დღემდე, საერთოდ ვერაფერს შევძლებდი. ჰოდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩავაბარე, ქართულის გარდა ყველა საგანზე ველოდებოდი, რომ ჩავიჭრებოდი. ჩავაბარე, თანაც იმ ფაკულტეტზე, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ჯერ არ ვიცოდი ბავშვთან ერთად როგორ უნდა მესწავლა, თანაც სამართალზე, რა თქმა უნდა, მატერიალურადაც იყო პრობლემები, მაგრამ მთავარი იყო, რომ საოცარი შანსი მომეცა, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი მომავლისთვის, უფრო სწორად, ჩემი და კატოს მომავლისთვის 🙂

დასაწყისი.

არ ვიცი, ზოგადად, როგორ იწყებენ ხოლმე ბლოგის წერას, ბევრი ვარიანტი იყო.. დავიწყე, წავშალე, მერე ისევ ახლიდან დავიწყე და ისევ წავშალე.
ჰოდა, ახლა ზუსტად ისე დავიწყებ, როგორც 3 წლის წინ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ მხოლოდ ორი ვარიანტი მქონდა, ან ვყოფილიყავი მარტოხელა დედა, ან გამეკეთებინა აბორტი.
18 წლის ვიყავი, ფეხმძიმობის გაგების შემდეგ, წარმოდგენაც არ მქონდა რა მოხდებოდა, რას გავაკეთებდი, რამდენად შევძლებდი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ ჩემი შვილისთვის უნდა მებრძოლა.
იმ ასაკისთვის აბორტი, განსაკუთრებით მძიმე თემაა, გააზრება იმისა, რომ საკუთარ შვილს კლავ, ამიტომ ამაზე არცერთი წამით არ მიფიქრია..
პირველი ეტაპი ოჯახის რეაქციაა, რაც საბედნიეროდ და ჩემდა გასაკვირად არ ჰგავდა იმ რეაქციებს, რაც გაგებული მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით.
მეორე თვეშივე დედაჩემთან წავედი საზღვარგარეთ, მასზე მეტად, იმ მომენტში, არავინ მჭირდებოდა.
მახსოვს მთელი გზა, დეტალურად. მახსოვს, ჩემი ფიქრები და საუბრები შვილთან.. ვპირდებოდი, რომ საუკეთესო დედა ვიქნებოდი და ყველაფერს შევძლებდი მისთვის.
ისიც მახსოვს, რომ ბოლომდე თავადაც არ მჯეროდა საკუთარი თავის, ეს ყველაფერი ნელნელა მოვიდა.
მახსოვს ის ეტაპებიც, ჩემი შემართება რომ ქრებოდა და ტირილის გარდა არაფერი შემეძლო. მახსოვს განსაკუთრებით რთული ეტაპები, როდესაც სერიოზულად მეშინოდა არ გავგიჟებულიყავი..
ბევრი პრობლემა იყო, საზოგადოების რეაქცია კი, ალბათ ყველაზე მტკივნეული. არ დავლოდებივარ ბავშვის გაჩენას და არ დამიმალავს ორსულობა, მუცელი როგორც კი დამეტყო ეს ამბავი ყველამ გაიგო, სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოს საშუალებით. იყო რჩევები, მეგობრების მხრიდან, რომ ახლა ამის დრო არ იყო და რთული იქნებოდა მითუმეტეს იმ რაიონისთვის ამის გაგება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოჰყვებოდა ბევრი ჭორი და საშინელი რეაქციები, რაც ისევ მე მატკენდა გულს..
მაგრამ არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ჩემს შვილს ვმალავდი და საერთოდ მიმაჩნდა რომ ეს ამბავი დასამალი იყო.
ამ გადმოსახედიდან მარტივია, საერთოდ არ მეფიქრა, სხვები რას მიიჩნევდნენ, მაგრამ იმ დროს, როცა ორსულობისას ყველაფერს ასმაგად განიცდი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თავიდან იყო მოლოცვები, კითხვები, “უი, როდის გათხოვდი?”, “ქმარს რატომ არ აჩენ ფოტოებში?”, “ქორწილს არ გეგმავ?” და ათასი სისულელე..
იყო შემოთავაზება, რომ უშვილო ოჯახი ჩემით დაინტერესდა და იქნებ მშობიარობის შემდეგ ჩემი შვილი მათთვის მიმეცა.
ანგელოზივით გოგო ვარ, ცხოვრებას ახლა ვიწყებ, რატომ ვიუბედურებ თავს, გათხოვება აღარ მინდა? 🙂
შვილიანი ვის რაში ვჭირდები და ა. შ
ნუ, მოკლედ ამ აზროვნების ადამიანების დაკიდების ეტაპი არც ისე მალე და მარტივად, მაგრამ გადავლახე.
კიდევ ბევრი ეტაპი იყო, ახლაც არის და ბუნებრივია, კიდევ უამრავი იქნება, ამიტომ გაჩნდა ამ ბლოგის შექმნის იდეა, სადაც ვისაუბრებ იმ სირთულეებზე, რაც დაკავშირებულია მარტოხელა დედობასთან.
დღეისთვის კი სულ ეს იყო. To be continued❤️

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე