დასაწყისი.

არ ვიცი, ზოგადად, როგორ იწყებენ ხოლმე ბლოგის წერას, ბევრი ვარიანტი იყო.. დავიწყე, წავშალე, მერე ისევ ახლიდან დავიწყე და ისევ წავშალე.
ჰოდა, ახლა ზუსტად ისე დავიწყებ, როგორც 3 წლის წინ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ მხოლოდ ორი ვარიანტი მქონდა, ან ვყოფილიყავი მარტოხელა დედა, ან გამეკეთებინა აბორტი.
18 წლის ვიყავი, ფეხმძიმობის გაგების შემდეგ, წარმოდგენაც არ მქონდა რა მოხდებოდა, რას გავაკეთებდი, რამდენად შევძლებდი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ ჩემი შვილისთვის უნდა მებრძოლა.
იმ ასაკისთვის აბორტი, განსაკუთრებით მძიმე თემაა, გააზრება იმისა, რომ საკუთარ შვილს კლავ, ამიტომ ამაზე არცერთი წამით არ მიფიქრია..
პირველი ეტაპი ოჯახის რეაქციაა, რაც საბედნიეროდ და ჩემდა გასაკვირად არ ჰგავდა იმ რეაქციებს, რაც გაგებული მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით.
მეორე თვეშივე დედაჩემთან წავედი საზღვარგარეთ, მასზე მეტად, იმ მომენტში, არავინ მჭირდებოდა.
მახსოვს მთელი გზა, დეტალურად. მახსოვს, ჩემი ფიქრები და საუბრები შვილთან.. ვპირდებოდი, რომ საუკეთესო დედა ვიქნებოდი და ყველაფერს შევძლებდი მისთვის.
ისიც მახსოვს, რომ ბოლომდე თავადაც არ მჯეროდა საკუთარი თავის, ეს ყველაფერი ნელნელა მოვიდა.
მახსოვს ის ეტაპებიც, ჩემი შემართება რომ ქრებოდა და ტირილის გარდა არაფერი შემეძლო. მახსოვს განსაკუთრებით რთული ეტაპები, როდესაც სერიოზულად მეშინოდა არ გავგიჟებულიყავი..
ბევრი პრობლემა იყო, საზოგადოების რეაქცია კი, ალბათ ყველაზე მტკივნეული. არ დავლოდებივარ ბავშვის გაჩენას და არ დამიმალავს ორსულობა, მუცელი როგორც კი დამეტყო ეს ამბავი ყველამ გაიგო, სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოს საშუალებით. იყო რჩევები, მეგობრების მხრიდან, რომ ახლა ამის დრო არ იყო და რთული იქნებოდა მითუმეტეს იმ რაიონისთვის ამის გაგება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოჰყვებოდა ბევრი ჭორი და საშინელი რეაქციები, რაც ისევ მე მატკენდა გულს..
მაგრამ არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ჩემს შვილს ვმალავდი და საერთოდ მიმაჩნდა რომ ეს ამბავი დასამალი იყო.
ამ გადმოსახედიდან მარტივია, საერთოდ არ მეფიქრა, სხვები რას მიიჩნევდნენ, მაგრამ იმ დროს, როცა ორსულობისას ყველაფერს ასმაგად განიცდი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თავიდან იყო მოლოცვები, კითხვები, “უი, როდის გათხოვდი?”, “ქმარს რატომ არ აჩენ ფოტოებში?”, “ქორწილს არ გეგმავ?” და ათასი სისულელე..
იყო შემოთავაზება, რომ უშვილო ოჯახი ჩემით დაინტერესდა და იქნებ მშობიარობის შემდეგ ჩემი შვილი მათთვის მიმეცა.
ანგელოზივით გოგო ვარ, ცხოვრებას ახლა ვიწყებ, რატომ ვიუბედურებ თავს, გათხოვება აღარ მინდა? 🙂
შვილიანი ვის რაში ვჭირდები და ა. შ
ნუ, მოკლედ ამ აზროვნების ადამიანების დაკიდების ეტაპი არც ისე მალე და მარტივად, მაგრამ გადავლახე.
კიდევ ბევრი ეტაპი იყო, ახლაც არის და ბუნებრივია, კიდევ უამრავი იქნება, ამიტომ გაჩნდა ამ ბლოგის შექმნის იდეა, სადაც ვისაუბრებ იმ სირთულეებზე, რაც დაკავშირებულია მარტოხელა დედობასთან.
დღეისთვის კი სულ ეს იყო. To be continued❤️

One thought on “დასაწყისი.

Leave a reply to კნაჭას ბლოგი კომენტარის გაუქმება

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე